დღეს, “ტვ პირველმა” 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და მასწავლებლების მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც დახურულ ჯგუფში მიმდინარეობდა.
აღნიშნული ტელეკომპანიის ინფორმაციით, დახურული ჯგუფიდან მიმოწერა ბროლაძის გეგმით უკმაყოფილო მასწავლებლებმა მიაწოდეს.
“ხალხო, ისე მიდის საქმე, რომ ძირითადი ნაწილი ონლაინზეა და ყოჩაღ თქვენ! ორშაბათიდან ასე მოვიქცევი – გავაკეთებ ახალ ცხრილს ორი პარალელისთვის და გავამსხვილებთ სკოლაში მოსიარულეთა კლასებს, გადავიყვან მეორე კლასში…
დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. ამით დამთავრდება, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე” – წერია ეკა ბროლაძის პოსტში, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს.
ამასთან, მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ ინიციატივის ავტორმა “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ ეს არის ნამდვილად მისი დაწერილი და შინაარსზეც პასუხიმგებელი თავადაა.
“მე რაც დავწერე, ეს დავწერე დახურულ ჯგუფში. შინაარსზე პასუხიმგებელი ვარ მე.
რა დავწერე ვიცი და ვის მივწერე ვიცი.ეპიდვითარებას თქვენც უყურებთ და მეც ვუყურებ… აქ მეორე მხარეც არის, მანდ ალბათ ის არ წაგიკითხავთ, რომ მაღალ დონეზე ტარდება ონლაინ გაკვეთილები, მშობლები კმაყოფილები არიან და სულაც არ სურთ ბავშვების სკოლაში გამოშვება” – ამბობს ბროლაძე.
ხოლო 24-ე სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ აღნიშნული მიმოწერის შესახებ არაფერი იცოდა და ტელეკომპანიისგან გაიგო.
იხ. ფოტო: