“ნავალნი მოწამლეს, ის სიკვდილს გადაურჩა, ყველა მტკიცებულება კი პუტინის რეჟიმის ბრალეულობას ადასტურებს,” – ასე ეხმიანებიან ჰოლივუდის მსახიობი, ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალ კლუნი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას.
როგორც ჯორჯ კლუნისა და მისი მეუღლის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, – “ეს არის დანაშაული, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”.
“ბატონი ნავალნი ამ დროისთვის ციხეში იმყოფება იმ ბრალდებაზე დაყრდნობით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “თვითნებურად და უსაფუძვლოდ” ცნო, რუსეთის სახელმწიფოს კი დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნავალნი მოწამლეს, ის სიკვდილს გადაურჩა, ყველა მტკიცებულება კი პუტინის რეჟიმის ბრალეულობას ადასტურებს. ეს არის დანაშაული, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”. – წერია ჯორჯ და ამალ კლუნების ერთობლივ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2016 წელს კლუნიმ ცოლთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაცია Clooney Foundation for Justice დააფუძნა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს. მსახიობის თქმით ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე პროცესებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.