“საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებმა პირბადე ატარონ.
„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე- რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.