ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აფხაზეთი საფრთხეში აღმოჩნდა

როგორ აისახება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოზე?

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდება. ნატომ სამშვიდობო მისიით სამხედრო ესკადრა შეიყვანა შავ ზღვაში. თურქეთი ეკონომიკურ სანქციებს უწესებს რუსეთს. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ. ამ ფონზე საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრა რთულია და პროგნოზები არცთუ სახარბიელო. რამდენად და როგორ იმოქმედებს არსებული დაძაბულობა საქართველოზე? როგორ აისახება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ქართულ რეალობაზე? „მეტრონომი“  ამ და სხვა თემებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

„მეტრონომი“: ბატონო რამაზ, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების  გაღრმავების, ან თუნდაც გაყინვის შემთხვევაში, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება თუ შეგვიძლია?

რამაზ საყვარელიძე: პროგნოზი მართლაც ძალიან ძნელია. მითუმეტეს, რომ თუკი აქამდე თურქეთი თითქოს უკან იხევდა და   პუტინი უფრო აგრესიული იყო, დღეს უკვე ერდოღანიც აგრესულია. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ნავთობის ტერორისტებისგან შეძენას გამოამზეურებს. ანუ რუსეთს იგივე ბრალდებას უყენებს, რაც რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ გააკეთა ცოტა ხნის წინ.

ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირება კიდევ ახალ ეტაპზე გადავა. ამ ფონზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ღმერთმა დაგვიფაროს საომარი მოქმედებები, რომ დაიწყოს, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ეცდება. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდებს. რბილად რომ ვთქვათ, ეს სიტუაცია საქართველოსთვის სახიფათოა.

– იმ შემთხვევაში თუ ოპტიმისტურად განწყობილნი ვიფიქრებთ, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება არ გადაიზრდება საომარ მოქმედებებში, ის პერიოდი რაც ახლა დგას ორ ქვეყანას შორის, რა გავლენას ახდენს საქართველოზე?

– ამ შემთხვევაში უკვე ეკონომისტის კონცეფციაა საინტერესო, რადგან რუსეთისგან თურქეთისკენ და პირიქით ტვირთბრუნვა გამორიცხული არ არის, რომ საქართველოზე გადის. ამ შემთხვევაში მათ შორის ურთიერთობის გაყინვა ქართულ ეკონომიკაზე აისახება.

აფხაზეთისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ  რუსული პროდუქციის თურქეთში შეტანაზე სანქციები დაწესდა.  როგორ იმოქმედებს ეს აფხაზეთსა და შესაბამისად ჩვენზე?

– საკითხის მართებული დაყენებაა. აფხაზეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამ ორ წერტილს, რუსეთსა და თურქეთს ეყრდნობოდა მისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა. დღეს თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, აფხაზეთს შეიძლება ორივესგან მოაკლდეს მხარდაჭერა. თუ მას მხარდაჭერა რუსეთისგან არ მოაკლდება, ეს კიდევ უფრო უარესი იქნება, რადგან  შეიძლება აფხაზეთში რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიეროს სამხედრო კონტიგენტის ყოფნა და შეიარაღება, რაც აფხაზეთს უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.

– რამდენადაც აფხაზეთი ჩვენ გვეხება, იმდენად რთული იქნება ის ჩვენთვის, რაც აფხაზეთს შეეხება. თუ პროცესები გართულდება და მათთვის ძალიან წამგებიანი იქნება რუსეთზე ჩამოკიდება. გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთმა დამოუკიდებლობის სხვა ვერსიებზე იფიქროს. მანამდეც წამგებიანი იყო აფხაზეთისთვის რუსეთის მხარდაჭერა ასიმილაციის  და საკუთარი ეკონომიკის დაკარგვის საფრთხისგან გამომდინარე. თურქეთთან რუსეთის კონფლიქტის შემთხვევაში, აფხაზეთისთვის ამას უკვე დამატებითი სამხედრო საფრთხე დაემატება.

– ნატომ სამხედრო ესკადრა სამშვიდობო მისიით შავ ზღვაში დაძაბულობის განსამუხტად შეიყვანა. რეალურად ხომ არ ნიშნავს ეს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავების საშიშროებას?

– თუ რუსულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, გაღრმავებას ნიშნავს, იმიტომ, რომ ნატოს ეს ინიციატივა თურქეთისთვის მხარდაჭერის ნიშანია. ეს არ არის შუაში ჩამდგარი მხარის გამოჩენა. ეს არის ცალსახად თურქეთის მხარდამჭერის ჩართვა პროცესებში.

– ალბათ რთულია ვისუბროთ რუსეთის შესაძლო რეაქციებზე და პროცესებს უნდა დავუცადოთ…

– რა თქმა უნდა, რთულია ვისაუბროთ. პროცესებს უნდა დავუცადოთ და ღმერთმა დაგვიფაროს სამხედრო დაპირისპირებისგან. უფრო შორეული პერსპექტივაც აქვს ამ პროცესებს. რუსეთს დღეს სამხედრო ოპერაციები აქვს უკრაინაშიც და სირიაშიც, რაც რუსულ ეკონომიკას უკვე მძიმედ აწევს. თუკი რუსეთმა მესამე საომარი ფრონტი გახსნა ახლა უკვე თურქეთთან, ეს მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება. რაც მთავარია, საქართველოსთვისაც რთული შეიძლება აღმოჩნდეს ის ეკონომიკური გასაჭირი, რაშიც რუსეთმა თავი საკუთარი ნებით შეიძლება გაყოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთში დიდი ქართული დიასპორაა და მათგან საქართველოში ვალუტის დიდი შემონადენია. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკასაც ირიბად დაარტყამს.

სახსენებელია ისიც, რომ თვითონ რუსეთის ტერიტორიაზეა დიდი თურქულენოვანი დასახლებები. გამორიცხული არ არის რომ მათში მომავალში მაინც გაჩნდეს იმპულსი, რომელიც რუსეთს დამატებით საფრთხეებს შეუქმნის.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....