ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საკლასო ოთახებიდან სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, აუცილებელია, მოსწავლეებმა პირბადეები ატარონ, რადგან სკოლის პანდემია არ მივიღოთ.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ განათლების პროცესი ისევ არ ჩაიშალოს და ეპიდვითარება არ გაუარესდეს.
„რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სპორტის გაკვეთილი, ყველა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს და ძველ სიტუაციას არ დავუბრუნდეთ.
ამიტომ, ჩემთვის სკოლის სივრცეში პირბადის არტარება მიუღებელია. როგორც სპეციალისტს და ექიმს სწორად მიმაჩნია, რომ საკლასო ოთახში ბავშვებს უნდა ვთხოვოთ პირბადის გაკეთება მშობლებმაც და პედაგოგებმაც, ყველამ ერთად. ბავშვების უმრავლესობა მას აუცილებლად გაიკეთებს.
თუ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ აღსრულების მექანიზმი არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება. ეს ინფექცია, როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება, თუ მიუშვებ და კონტროლს მოადუნებ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ცნობილია ისიც, მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.