ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი ელდარ გოგოლაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. გოგოლაძეს პროკურატურაში 12 საათზე ელოდებიან.
ადგილზე უკვე მივიდა გოგოლაძის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ელდარ გოგოლაძის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პორკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაბარება, სავარაუდოდ, “მთავარ არხთან”მიცემულ ინტერვიუს უკავშირდება,
“ბატონმა ელდარ გოგოლაძემ რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ მისცა “მთავარ არხს”, ეს ინტერვიუ რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სასიამოვნო იქნებოდა ივანიშვილისთვის. იქედან გამომდინარე, რომ ამ 8 წლის განმავლობაში გამოძიებას არ გახსენებია გოგოლაძე და მისი დაბარება მოხდა ინტერვიუს მიცემის შემდეგ, აჩენს ეჭვს, რომ მისი დაბარება უკავშირდება “მთავარ არხში” მის სტუმრობას,”- აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატი ამ ეტაპზე ბრალეულობაზე კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან აცხადებს, რომ ის საქმის დეტალებს არ იცნობს.
ცნობისთვის, პროკურატურას ელდარ გოგოლაძესთან კითხვები 1993 წელს მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვს. გამოძიება აშშ–ის ცენტრალური სააგენტოს აგენტის ფრედი ვულდროფის საქართველოში მკვლელობას უკავშირდება. ფრედი ვულდროფი 1993 წელს თბილისის შემოსასვლლეში, მანქანაში მოკლეს, სადაც ელდარ გოგოლაძეც იმყოფებოდა.ამ დროისთვის, საქმეზე გასამართლებულია ერთი პირი.