“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ცერცვაძემ მედიასთან განმარტა, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და არა ხელაღებით.
„მესამე ტალღა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე ,რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას. თუ შეზღუდვების მოხსნა მოხდება ეტაპობრივად და არა ხელაღებით, როგორც ამას მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს, პროცესი არ გართულდება.
მთავრობა ჯერჯერობით თავის თავში ნახულობს ძალას, არ აჰყვეს ამ პოპულისტურ მიდგომებს და ერთიანად არ მოხსნას მოთხოვნები. შეზღუდვები იხსნება ძალიან სერიოზული მიდგომით. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში რჩება შედარებით მკაცრი შეზღუდვები, თუ ასე გონივრულად გაგრძელდა და თუ ჩვენი მოსახლეობა ისწავლის და შეინარჩუნებს პირბადის ტარების თვისებას, სავარაუდოდ მესამე ტალღა საერთოდ არ გვექნება.
ის მესამე ტალღა, რასაც ევროპაში აანონსებენ და უკვე იღებენ ზომებს, არანაკლებ რთული იქნება. არავის არ დაუჯეროთ, რომ სადმე ამაზე ნაკლებად მკაცრია შეზღუდვები, პირიქით. მათაც უმძიმესი კლინიკური მდგომარეობა აქვთ. კლინიკური სექტორი ჩვენთან იდეალურად იმართება. ისე გამოსწორდა ყველაფერი, ერთის ნაცვლად 4 ექიმი რეკავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.