„სააკაშვილის 2007 წლის ინტერვიუ, საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ის უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და სასაზღვრო ტერიტორიების გასხვისების პასუხისმგებლობა მასზე უფრო მეტად მოდის, ვიდრე კომისიის წევრებზე, რომლებიც, როგორც ფარული ჩანაწერებიდანაც ჩანს „ზემოდან“ მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ამით ეხმაურება დავით გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ რეპორტაჟს.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, სასამართლოს ვერდიქტამდე მელაშვილ-ილიჩოვას საქმის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა. ამ ინტერვიუს შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.
“სააკაშვილი აღიარებს, რომ სწორედ ის მოურიგდა აზერბაიჯანულ მხარეს უდაბნოს მთის თხემზე არსებულ სტრატეგიული სიმაღლის გადაცემის თაობაზე, რომელიც მისივე სიტყვებით, აზერბაიჯანს „ძალიან სჭირდებოდა.“ შედეგი დადგა ის, რომ ამ თხემის გადაღმა მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს ტერიტორიაზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სწორედ 2007 წლიდან, ანუ ამ „მორიგების,“ თუ რაც შეიძლება ვუწოდოთ, შემდეგ, დავით გარეჯთან მანამდე არსებული „სტატუს-ქვო“ იცვლება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იკავებენ ამ „სტრატეგიულ სიმაღლეს“ და ქართველ სასულიერო პირებს უკვე ეკრძალებათ სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონაკვეთზე გადაადგილება. საბედნიეროდ, ამ ჩვენთვის საზიანო „მორიგების“ ფორმალიზაცია ვერ მოესწრო და გვრჩება შესაძლებლობა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები უკვე მოპოვებული ახალი დოკუმენტების საფუძველზე. 1938 რუკის თანახმად საზღვარი უნდა გავლებულიყო არა თხემზე, არამედ თხემის ძირში, რაც საქართველოს ფარგლებში აქცევდა უდაბნოს ტერიტორიას და მასზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსს,“ – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.