მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა, საპასუხო სიტყვით”მოქალაქეების” ლიდერი, ლევან იოსელიანი წარსდგა.
ლევან იოსელიანმა თეა წულუკიანს მიმართა, სჯობდა, მას ნიკა გვარამიას ნომრის ნაცვლად მისი პირადი ნომერი გამოეცხადებინა.
ამასთან, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
„თუ რამე დავამტკიცეთ მთელი ამ დროის განმავლობაში, დავამტკიცეთ ყველაზე მთავარი, რომ არ არსებობს ძალა, ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გაგვაკეთებინოს ის, რისიც არ გვჯერა და არ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის უკეთესად.
ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამინების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეკრანს უყურებს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ, თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ იქნება, ეს იქნება მხოლოდ კარგი,”- აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღევანდელ პენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა.ის ამით ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მისი ნომერი კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა და თქვა, რომ მოქალაქეებს ახალ უკვე პარლამენტარის რანგში უპასუხებს.