ელისაშვილის ბრალდებებს თამაზაშვილი პასუხობს და სარჩელს ამზადებს
დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა სააკაძის მოედნის რამდენიმე მცხოვრებთან ერთად საკრებულოში ბრიფინგი გამართა. საქმე სააკაძის მოედანზე, ექვს ნომერში მშენებარე კორპუსს ეხება. პირველ დეკემბერს, მაესტროს ერთ-ერთ გადაცემაში ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის ცოლისძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი ამ კორპუსის მშენებლობის ადგილას ადრე მცხოვრები 12 ოჯახის უსახლაროდ დატოვებას აპირებდა. მის ამ განცხადებას მალე გამოეხმაურა ლექსო თამაზაშვილი – მან ელისაშვილს „მატყუარა და ცილისმწამებელი“ უწოდა. უფრო მეტიც, იგი აცხადებს რომ სარჩელს ამზადებს ელისაშვილის წინააღმდეგ.
„ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით, ალეკო ელისაშვილმა, მისთვის ჩვეული სიცრუის ტირაჟირება მოახდინა. თითქოს, თორმეტ ოჯახს ვასახლებ სახლიდან და აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი მასალა მოეპოვება ფოტოსურათის სახით. ბატონო ალეკო, თქვენ ხართ ცილისმწამებელი, მატყუარა ადამიანი. სწორედ ასე, მოგიხსენიებთ მანამდე ვიდრე აღნიშნულ ფოტოს არ გამოაქვეყნებთ და ამით არ დაამტკიცებთ თქვენი მონაყოლის სისწორეს“ – დაწერა თამაზაშვილმა ფეისბუქზე.
დღევანდელი ბრიფინგი სწორედ ამის პასუხად მოაწყო ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოს შენობაში და ჟურნალისტებს სააკაძის ქუჩის იმ მაცხოვრებლებთან ერთად შეხვდა, რომლებზეც ორი დღის წინ მაესტროს გადაცემაში ილაპარაკა:
„ერთმა პარაზიტმა დეპუტატმა, ლექსო თამაზაშვილმა გუშინ მე მატყუარა და ცილისმწამებელი მიწოდა და თქვა, რომ მეჩვენება, თითქოს შუაგულ საბურთალოზე 12 ოჯახს თამაზაშვილი და მისი ამფსონები უსახლკაროდ დატოვებას უპირებდნენ. – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგზე – ამის პასუხია ეს პრესკონფერენცია. ჩვენ მანამდე აქციაც გვაქვს ერთობლივად მოწყობილი თამაზაშვილების მავნებლობასთან და რიგით მოქალაქეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები არიან ახლა აქ – ცოცხალი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ლექსო თამაზაშვილის კორუფციულ ვნებებს ემსხვერპლონ“.
საქმე საკმაოდ ჩახლართული ჩანს, როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება ხოლმე. ალექსანდრე ელისაშვილის ინფორმაციით, სააკაძის ექვს ნომერში, საბურთალოზე 2007 წლამდე კერძო სახლები იდგა, 2007 წელს ამ ადგილზე კორპუსის მშენებლობა „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ დაიწყო. იქაურ მაცხოვრებლებს კორპუსშივე შესაბამისი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ხელშეკრულებები დაუდეს და გაასახლეს. მერე „ოლიმპიური ვარსკვლავი“ გაკოტრდა და მშენებლობა შეჩერდა. მას მერე კორპუსს რამდენჯერმე შეეცვალა მფლობელი. ახლა კი, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, დაუსრულებელი ნაგებობა თამაზაშვილის ბიზნესპარტნიორებს ეკუთვნით და მათ პირადად ლექსო თამაზაშვილი „კრიშავს“.
მაცხოვრებლები რომლებიც ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე მიიყვანა
ალექსანდრე ელისაშვილი: „საქმე ისაა, რომ სააკაძის ექვს ნომერში, საბურთალოზე იდგა შენობები, რომელთა ადგილას 2007 წელს კორპუსის მშენებლობა დაიწყო. ამ კორპუსს რამდენჯერმე შეეცვალა მფლობელი და ბოლოს ამ მშენებლობას „კრიშავს“- ვიხმარ ამ ჩვენთან ცნობილ და ყველასთვის გასაგებ ტერმინს – ბატონი ლექსო თამაზაშვილი. მისი ამფსონია ერთ-ერთი სახელგატეხილი ადამიანი, ვასილ ბოლაშვილი, რომელსაც წინა ხელისუფლებაც იყენებდა ხოლმე. მაგალითად, სააკაშვილმა ანძა აყიდინა ტელევიზიებზე ზეწოლისთვის. ბოლაშვილი და თამაზაშვილი 12 ოჯახს უსახლკაროდ დატოვებით ემუქრებიან. სურთ, რომ ამ მშენებარე კორპუსში 12 ოჯახის ფართი მიისაკუთრონ. 12 ოჯახისთვის განკუთვნილი ფართი უზარმაზარი სივრცე და, შესაბამისად, უზარმაზარი თანხაა. თვეების განმავლობაში ხვდებოდნენ ამ ადამიანებს, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ზეწოლა, მუდმივად ისმოდა ბატონი თამაზაშვილის სახელი და გვარი. ბოლოს ამ ადამიანებმა მე მომმართეს. მე არაერთხელ გადავამოწმე, რეალურად იყო თუ არა საქმე ასე. როცა დავრწმუნდი, რომ მართლაც ჩაგრავდნენ თამაზაშვილი და მისი დამქაშები ამ ჩვეულებრივ, რიგით, პატიოსან ადამიანებს და ქუჩაში დატოვებას უპირებდნენ, ერთად გავმართეთ საპროტესტო აქცია სააკაძის 6 ნომერში. ამის შემდეგ მე მქონდა სატელეფონო საქმის გარჩევები ბატონ თამაზ თამაზაშვილთან, რომელმაც თვითონ დამირეკა და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში საქმეს მირჩევდა“.
საქმე კი ისაა, რომ იმ თორმეტ ოჯახს, რომელზეც ალექსანდრე ელისაშვილი საუბრობს, მშენებარე კორპუსის ამხანაგობამ სასამართლოში უჩივლა იმ მიზეზით, რომ მათი ხელშეკრულებები ყალბი იყო და მათ კორპუსში ფართი საერთოდ არ ეკუთვნოდათ.
ელისაშვილის შემდეგ ბრიფინგზე თვითონ დაზარალებულებმა გააკეთეს განცხადება:
„ხელშეკრულებები რაც ჩვენ გვდევს, იგივეა, რაც იმათ /ამხანაგობას/ აქვს. შეადარონ, თუ რომელიმე გაყალბებულია. მაშინ როგორ ვართ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები? – თქვა ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელმა ლელა ქარქუზაშვილმა – ალეკო ელისაშვილი ჰაერზე არ ილაპარაკებდა, ჩვენს მდგომარეობას რომ არ გაცნობოდა. გაიგო, ვინ ვართ და ნამდვილად მართლები რომ ვართ და ამიტომ გაითვალისწინა ეს ყველაფერი“
მას მერე, რაც ამხანაგობამ ამ თორმეტ ოჯახს სასამართლოში უჩივლა, ოჯახებმაც შეიტანეს სარჩელი – მათი თქმით, ეს ათი თვის წინ იყო, მაგრამ საქმის წარმოება არ დაწყებულა, რადგან სასამართლოს ამის ნებას ზემოდან არ აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მათ გარდა კიდევ არიან ადრე იმ ადგილას მცხოვრები ოჯახები, ვისაც ამხანაგობა არათუ ფართს აძლევს, არამედ დროებით ბინის ქირასაც უხდის. რატომ განასხვავა ამხანაგობამ ასე ეს ოჯახები, ამაზე დაზარალებულებს შემდეგი პასუხი აქვთ: „არ ვიცით, ალბათ ისინი თავისიანები არიან“.
„მეტრონომის“ ფოტოკორესპონდენტმა სააკაძის მოედანზე სადაო კორპუსიც გადაიღო. მის ჯებირზე ჯერ კიდევ შემორჩენილია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ გახუნებული ბანერი, მეორე, ახალი ბანერი კი იუწყება, რომ მშენებლობის დამკვეთი ამხანაგობა „სააკაძე 2007“-ია. „მეტრონომმა“ სცადა მითითებულ ნომერზე ამხანაგობას დაკავშირებოდა, თუმცა ვუხსენეთ თუ არა 12 ოჯახი და ყალბი ხელშეკრულებები, ამხანაგობის წარმომადგენელმა ტელეფონი გაგვითიშა.
ვცადეთ ლექსო თამაზაშვილთან დაკავშირებაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამჟამად ის უცხოეთში იმყოფება. მანამდე კი 12 ოჯახის ბედი ჰაერში რჩება გამოკიდებული.
P.S. ამ სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლექსო თამაზაშვილმა ფეისბუქზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა ამ თემაზე. გადავწყვიტეთ ეს პოსტი სტატიისთვის უცვლელად დაგვერთო:
ალექსანდრე თამაზაშვილი: “მეუბნებიან , რომ შევეშვა და ყურადღება არ მივაქციო ამ ყოველივეს, რადგან ყველამ იცის თუ როგორი პოპულისტი, ინტრიგანია ელისაშვილი და მისი არავის არ ჯერა. მეც კი ვიცი ვინაა და რას წარმოადგენს, მაგრამ არ ვაპირებ “გავატარო” ამ მართლაც და ინტრიგანის თავხედური ბრალდებები, ვინაიდან შესაძლებელია ვინმეს კიდევ სჯეროდეს ვითომ და ხალხზე მზრუნველი “დამოუკიდებელი” დეპუტატის! ის, რომ ელისაშვილი ინტრიგანი, მატყუარა და ჩვეულებრივი, დაქირავებული პოპულისტია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ფაქტია: მან ვერ გამოაქვეყნა ის ფოტო თუ ვიდეომასალა სადაც, მისი მტკიცებით, მე “ვაკაჩავებ” ბინის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას. ვერც გამოაქვეყნებდა, რადგან ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტი.
გასაგებია, რომ კვლავ მოიტყუა პოპულისტმა ელისაშვილმა, მაგრამ კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს საზოგადოებისთვის ეს ცილისმწამებელი ისტორია, ვთხოვ ბატონ ელისაშვილს დაასახელოს წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, სადაც მოხდა აღნიშნული “დანაშაული” .
რა თქმა უნდა, ამასაც ვერ შეძლებთ ბატონო ალეკო და საბოლოოდ დაინახავს საზოგადოება თქვენს რეალურ სახეს!
P.S. სარჩელი მზადდება…