ქვეყანაში ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია გაიხსნა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად დღეიდან მოლები დილის 10-დან საღამოს 7-მდე იფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ობიექტებს თავად მოუწევთ გააკონტროლონ მომხმარებელთა ნაკადი და დაიცვან კოვიდუსაფრთოხებისთვის აუცილებელი რეგულაციები.
ამასთან, როგორც მოლების წარმომადგენლები “მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობენ, თანახმა არიან იმუშაონ მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდშეზღუდვების გათვალისწინებით, თუმცა იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი გადაიხედება და ეპიდსიტუაციისგან გამომდინარე შეიცვლება.
“ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვფუნქციონირებთ დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე და იმედს ვიტოვებთ, რომ ახლო მომავალში მთავრობა მიუბრუნდება თავის გადაწყვეტილებებს ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ აღგვიდგება სრულფასოვანი სამუშაო გრაფიკი და რაც მთავარია – ტრანსპორტი”,- აცხადებს “მთავართან” თიკო ლომინაძე, ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი.