ახალი იდეა შსს-ში, რომელიც უფრო მეტ დამრღვევს გამოავლენს და ბიუჯეტსაც შეავსებს
ქართველი პოლიციელები ნოვატორული იდეების შემოღებას აპირებენ. შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საქართველოში ფარული პატრულირების შემოღების გეგმის და გადასატანი რადარების შესახებ ისაუბრა.
“მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება. პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდეოჯარიმების რეჟიმში.
დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს. სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს”.- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მოძრავი რადარების და ფარული პატრულირების იდეის პრეზენტაციაზე საუბარი ნაკლებად შეეხო მთავარს, რომ შესაძლებელია, ახალი ინიციატივით გაიზარდოს ჯარიმების რაოდენობა და ბიუჯეტის შევსებაც ეფექტურად მოხდეს.