უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტელევიზიებში ბოლო დროს მიერ მის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებს ეხმიანება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მადლობელი იქნება, თუ პარტიული ტელევიზიები მის საქმიანობას ადგილიდან რეპორტაჟებით მართლა გააშუქებენ.
„პარტიული ტელევიზიები, ბოლო დროს, ეკრანს ხშირად უთმობენ ჩემს პერსონას და საქმიანობას. ისევ ტყუილი, არაფერი კონკრეტული და მხოლოდ ვარაუდები. დამკვეთებს ვურჩევდი, საზოგადოების ჩემს წინააღმდეგ მოსამართად, თუ მაინცდამაინც ეს სურთ, იქნებ ერთი კონკრეტული თემა როგორმე ობიექტურად დაამუშაოთ და ჭორაობის ნაცვლად დაზუსტებულ ფაქტებზე ისაუბროთ. თუ საჭიროდ ჩათვლით მეც გესტუმრებით, მხოლოდ პირდაპირ ეთერში, „ჭრა-კერვაში“ დრო ფუჭად რომ არ დაიხარჯოს. თუ სურვილი გექნებათ, უკვე გასულ სიუჟეტებსაც შევეხოთ ერთად, თორემ მართლა დაიჯერებს დამკვეთი, რომ მიწებს ვისაკუთრებ, „ქათმების თუ კვერცხების“ ბიზნესს ვლობირებ, კლინიკებს ვფლობ და გამორჩეული ქონების პატრონი ვარ.
ისე, ჩემს საქმიანობას თუ მართლა გააშუქებთ, ადგილიდან რეპორტაჟებით, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ერთად ვნახავთ 8 წლიანი მაჟორიტარობით რა გაკეთდა მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩემს გუნდთან ერთად. ისიც ფაქტია, ამ დროში ყველაფერი ვერ მოგვარდებოდა და ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა, მაგრამ უკმაყოფილო ხალხს ნუ აკადრებთ იმას, რომ თქვენთვის სასურველი ტყუილი, შუბლის ძარღვის კონტროლის გარეშე ილაპარაკონ და წარუმატებლობის მიზეზი ყოველთვის სხვას დააბრალონ. ჩემი ვითომდა „გაშავებით“ სხვა „გააპრავონ“, ან რომელიმე უმსგავსო საქმეს გზა გაუხსნან. ასეთი ბევრი გადამიტანია. ჩემი ძალა სიმართლეშია, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს და უკვე მესამედ, ხალხის მხარდაჭერით პარლამენტში ვცდილობ მათივე უფლებები დავიცვა. დავიცვა ასევე ჩვენი უძველესი დედაქალაქის ინტერესები, რაზეც ვერავინ, ვერასოდეს, ვერასგზით უარს ვერ მათქმევინებს“ – ამბობს ხუნდაძე.