ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბრიფინგი გირგვლიანის მკვლელობის ადგილზე

არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას აპროტესტებს

ოქროყანის სასაფლაო, კახა კუკავა, მანანა ნაჭყებია, ზაზა ხატიაშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა  -„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ, “თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ბრიფინგი გამართეს ოქროყანის  სასაფლაოზე, იმ ადგილას, სადაც 2006 წლის 28 იანვარს 28 წლის სანდრო გვირგვლიანი მოკლეს. მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში სავარაუდოდ უვადოდ დანიშვნა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ მოსამართლე, რომელმაც სანდრო გვირგვლიანის საქმეზე საკასაციო სარჩელი არ მიიღო და მკვლელებს ბრალი შეუმსუბუქა, სააპელაციო სასამართლოში უვადოდ არ უნდა ინიშნებოდეს. მურუსიძის დანიშვნის შემთხვევაში, არასაპარლამენტო ოპოზიცია სირცხვილის დერეფნებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებს.

მანანა ნაჭყებია: „საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესება უნდათ, იმ მოსამართლის, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე უკავშირდება, რისთვისაც ჩვენ, მაშინდელი ოპოზიცია, სააკაშვილის დროინდელ სასამართლო ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით. მინდა საზოგადოებას შევახსენო ლევან მურუსიძის „საგმირო საქმეები“, რომლის გამოც, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობოების მხრიდან ნაციონალების დროინდელი სასამართლო ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. ბატონი ლევან მურუსიძე ის მოსამართლეა, რომელმაც სანდრო გვირგვლიანის საქმეზე საკასაციო სარჩელი არ მიიღო და გვირგვლიანის მკვლელებს ბრალი შეუმსუბუქა. ჩვენ დღეს საგანგებოდ შევარჩიეთ ოქროყანის სასაფლაო. გვინდა ჩვენს მოქალაქეებს მეხსიერება და იმის განცდა გავუმძაფროთ, თუ რა მოხდა რამდენიმე წლის წინ საქართველოში. ამ ადგილზე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი ამოიყვანეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ ადამიანის მკვლელებს თავდებში სახელმწიფო დაუდგა, მათ სახელმწიფო დაეხმარა სწორი მართლმსაჯულების თავიდან აცილებაში. მინდა ასევე შეგახსენოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მთელი სასამართლო სისტემა და ხელისუფლების მთელი შტო ჩაერთო სანდრო გვირგვლიანის მკვლელების მიმართ მართლმსაჯულება რომ არ აღსრულებულიყო.

და ვინ იყო მაშინ სასამართლო სისტემა?  იყო ბატონი ლევან მურუსიძე და ბატონი მეიშვილი, რომელსაც, როგორც ვიცით, ასევე აქვს პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდეს. არადა, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ სანდროს მკვლელები ვადაზე ადრე გამოვიდნენ ციხიდან. დღეს ხელისუფლება სწორედ ამ ადამიანის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნას აპირებს. ეს ხალხი ისევ სჭირდებათ, სჭირდებათ კვლავ ბინძური საქმეებისთვის. და სხვათა შორის, მომავალი არჩევნების გასაყალბებლადაც“ – უთხრა ჟურნალისტებს მანანა ნაჭყებიამ.

მანანა ნაჭყებია

ზაზა ხატიაშვილი: „წულუკიანი ოდესღაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფრიალებდა და ამბობდა, რომ გვირგვლიანის მკვლელობაში სასამართლო იყო დამნაშავე. დღეს კი ვხედავთ, რომ ბატონი მურუსიძე ღარიბაშვილების, წულუკიანების, ივანიშვილების დახმარებით უვადოდ ინიშნება სააპელაციო სასამართლოში“

ზაზა ხატიაშვილი

კახა კუკავა: „ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოება ელოდებოდა, სანდრო გვირგვლიანის საქმეში სამართლიანობის აღდგენა იყო. ამის ნაცვლად ახლა სანდრო გვირგვლიანის საქმის მოსამართლეს აწინაურებენ, ამ ბინძურ ადამიანს, რომელზეც ყველამ იცის, რომ ზურა ადეიშვილის ფავორიტი მოსამართლე იყო. ყველამ იცის, რომ მურუსიძე არამარტო გვირგვლიანის, არამედ ყველა მნიშვნელოვან საქმეს. ადეიშვილის ფავორიტი მოსამართლე დღეს ხდება წულუკიანის ფავორიტი მოსამართლე“.

კახა კუკავა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიცია სირცხვილის დერეფნებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებს.

თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამისთვის შესაბამის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. მურუსიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა ხმების მინიმუმ ორი მესამედით ირჩევს.

ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა და განაცხადა, რომ გვირგვლიანის საქმის საკასაციო განჩინებაზე მურუსიძის ხელმოწერაა და დასძინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატის საქმიანობას, მათ შორის, წარსულს, ასევე მის სუსტ და ძლიერ მხარეებს უნდა ითვალისწინებდნენ. „აღნიშნული მიდგომა უნდა მოქმედებდეს “ყველა დანიშვნის დროს”, იქნება ეს ლევან მურუსიძე თუ სხვა“ – განმარტა წულუკიანმა.

იტვირთბა....