რუსეთში ხიმკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცავებმა 61 წლის თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით პანჩვიძე, იგივე გიორგი ყიფიანი დააკავეს. – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ე.წ. “კანონიერ ქურდი” დავით პანჩვიძე კრიმინალურ სამყაროში “პანჩოს” სახელით იყო ცნობილი.
ამასთა, როგორც გამოცემა იუწყება, ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოუღეს. 61 წლის “პანჩოს” 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, დავით პანჩვიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს. ის კრიმინალურ სამყაროში არასრულწლოვნების ჩართვის გამო დააკავეს.
ასევე, ე.წ. “კანონიერი ქურდი” ქურდობის, ხულიგნობის, ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის გამოა ნასამართლევი.
აღსანიშნავია ისიც, რომ “პანჩო” პოსტსაბჭოთა პერიოდში ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის გამო 5-ჯერ დააკავეს, ხოლო 2007 წლიდან ის კიდევ 2-ჯერ არის ნასამართლევი.
ბოლოს დავით პანჩვიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 3 წლის წინ გამოვიდა და ხიმკიში ფუფუნებაში ცხოვრობდა.