ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

ელისო კილაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ამის გარდა ჟურნალისტი კიდევ ორ სარჩელს ამზადებს

„ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ  სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: ხვალ, 13 სთზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შემაქვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ! შუშის სახლის მისამართი დადგინდა, რაც მთავარია!
„მეტრონომი“ ელისო კილაძეს დაუკავშირდა:

„მეტრონომი“: რას შეეხება თქვენი სარჩელი?

ელისო კილაძე: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე სამი სარჩელი. პირველი სარჩელია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმ ცილისწამებების დადასტურება, რაც მან ტელეკომპანია “იმედთან” საკუთარ ინტერვიუში ჩემ წინააღმდეგ გააჟღერა. თემა გახლავთ ე.წ. წვერმაღალას სკანდალი, როცა მან დამაბრალა იმ მასალის ავტორობა და მომზადება, რომელიც ჩემი ავტორობით საერთოდ არ გამოქვეყნებულა.

მას ასევე მოუწევს დაადასტუროს, რომ “ქრონიკა პლუსი” და ელისო კილაძე არის ნაციონალური სქემის ნაწილი. ეტყობა ბატონი ივანიშვილი კარგად იცნობს ნაციონალური მოძრაობის სქემებს 2007 წლიდან. მე ნაციონალური სქემების არსებობაზე არაფერი არ მსმენია და არ ვმონაწილეობ რომელიმე პარტიის პოლიტიკურ სქემებში.

რაც შეეხება ჩემს შემდეგ ორ სარჩელს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მიერ ორგანიზებულ ჯგუფს ეხება, წამლის „ბარიგობაზე“ ნასამართლევ ქალბატონ ქეთევან ზარნაძეს, რომელსაც არ ვიცნობ და რომელიც სრულიად უაპელაციოდ რაღაც ბოდვებს წერს და „საერთო გაზეთში“ აქვეყნებს. ამ გაზეთის მთავარ რედაქტორს, ვახტანგ ხარჩილავას ამ მასალების ორგანიზებისა და გამოქვეყნებისთვის ორივე შვილი სახელმწიფო სამსახურში დაუსაქმეს. ერთი მათგანი მუშაობს პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში, ხოლო მეორე- დიასპორის სამინისტროში. ჩემი სარჩელის მესამე ადრესატი  გახლავთ ლადო ბედუკაძე, ციხის ჯალათი- პირდაპირ შემიძლია ასე ვთქვა, რომელიც ასევე არარსებულ ამბებს იგონებს და ატირაჟებს, როგორც საერთო გაზეთში, ასევე საკუთარი სააგენტოს, „თბილისი 24“-ის მეშვეობით. ყველა მათგანს მოუწევს სასამართლოში დაადასტუროს იმ ცილისწამებების შესახებ, რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ადგილი აქვს ჩემი მისამართით, მათ შორის, სასამართლო პროცესზე  შუამდგომლობას დავაყენებ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციას ოფიციალურად მოვითხოვ, იმიტომ, რომ ისინი ძალიან ხშირად ავრცელებენ ჩემი მისამართით რაღაც მეტსახელებს, მაგალითისთვის „ნუკრი“. აუცილებლად მოვითხოვ გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურიდან ირიცხება თუ არა აგენტურის სამსახურში ამ სახელით ვინმე და არის თუ არა ეს ელისო კილაძე. ამის შემდეგ ყველა პრობლემა სამართლებრივ სივრცეში გადაწყდება.

– რა გამოხმაურება ექნება მეორე მხარეს ამ სარჩელზე, რას ფიქრობთ?  

– საერთოდ არ მაინტერესებს მხარეებს რა გამოხმაურება ექნებათ. ისინი  საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში იმყოფებიან. შესაბამისად, მათ მოუწევთ სასამართლოს პროცესებზე მობრძანდნენ და ის სიბინძურეები, რასაც ავრცელებენ, კონკრეტული ფაქტებით დაადასტურონ. მე მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო.

მანა ნოდია

იტვირთბა....