საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან გამოიყვანეს. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, დიმიტრი ბარამიაა. ის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს უფროსია. ბარამიას AMBEBI.GE ესაუბრა:
„ორსართულიანი, მიტოვებულივით შენობაა, კაპიტალური, ადრე დევნილები ცხოვრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს დედა და შვილი ყოფილან. ინფორმაცია შემოვიდა, შენობა ჩამოინგრა და ბავშვია მოყოლილიო. ძალიან სწრაფად მივედით ადგილზე. ეს არის ე.წ. საკონსერვოს ტერიტორიაზე არსებული შენობა. ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა – გაფითრებული და შეშინებული დედა ადგილს გვითითებდა, სადაც ბავშვი იყო მოყოლილი.
მიშველეთ, ვერ სუნთქავსო – სასოწარკვეთილი კიოდა. ბავშვი ორ ბეტონის ფილას შორის იყო მოყოლილი და უკვე სუნთქვა უჭირდა. ის ფილები კედელზე იყო მიბჯენილი, თუმცა მათ შორის მცირედი სივრცე იყო, სადაც ბავშვი იყო გაჭედილი… ანუ ორივე სართული ჩაინგრა და კედლები მოიყოლა. ბავშვს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დედამისიც ეკითხებოდა, რამე ხომ არ გტკივაო, მაგრამ უარობდა… სახე და ტანსაცმელი ჰქონდა მტვრით მოსვრილი და შეშინებული იყო. ჩვენ მაშინვე საკაცეზე დავაწვინეთ. იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა” – განაცხადა მაშველმა.