ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი ევროპის უძველესი ქალაქების სიას აქვეყნებს. 16 უძველეს ქალაქს შორის მოხვდა ორი ქართული ქალაქი: მცხეთა და ქუთაისი. სიაში მოხვდნენ საბერძნეთის, კვიპროსის, ესპანეთის, ბულგარეთის, იტალიის და სომხეთის ქალაქები.
წარსულში საქართველოს დედაქალაქ მცხეთას, ბრიტანული გამოცემა მე-14 ადგილს აკუთვნებს, ხოლო ქუთაისი რეიტინგში მე-8 ადგილზეა.
ტელეგრაფის თანახმად, უძველესი ნასახლარი მცხეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 1000 წელს გაჩნდა. მცხეთის ისტორიული მონუმენტები: სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი UNESCO კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
ქუთაისში პირველი ნასახლარი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში გაჩნდა. ტელეგრაფი აცნობს მკითხველს ქუთაისს და მის არქიტექტურას. საუბარია, ბაგრატის ტაძარზე, რომელიც ასევე UNESCO ნუსხაში იყო შეტანილი, თუმცა 2012 წლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, არ იქნა გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაციები აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით.
ტელეგრაფის სიას სომხეთის დედაქალაქი ერევენი ასრულებს. ბრიტანულმა გამოცემამ სომხეთის დედაქალაქს ბოლო მე-16 ადგილი მიაკუთვნა.
პირველი ნასახლარი ერევანში ძვ.წ. 782 წელს გაჩნდა, ანუ ის რომზე 30 წლით ადრე დაარსდა. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა, ბიზანტიელებმა, სპარსელებმა და არაბებმა. ახლა ერევანი სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
რაც შეეხება პირველ ადგილს, „ტელეგრაფმა“ ევროპის უძველეს ქალაქად საბერძნეთის ქალაქი არგოსი დაასახელა. ქალაქი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 5000 წელს დაარსდა.
მარიამ ვარადაშვილი