“გუშინ ფეხზე ედგნენ ადამიანს, ეძახდნენ გმირს, რომლის მიმართაც, პრაქტიკულად, 15-წლიანი განაჩენია გამოტანილი,” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „ტვ პირველის“ ეთერში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
ამასთან, როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორია არ არის. სწორედ ამიტომ, ხოფერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ქვეყნის, ერის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.
ამასთან, მისივე თქმით, დავით გარეჯი რომ საქართველოს ტერიტორიაა, ამისი დამადასტურებელი დოკუმენტი თავად დავით გარეჯია.
„ვფიქრობ, იყო თუ არა გამოსაშვები, ეს თემა უტრირებულია. იმდენად სათუთია, ნამდვილი კავკასიური ცარცის წრეა. ტიპური კავკასიური ცარცის წრის თემატიკაში ვართ დღეს. ვინ გადაქაჩავს, ვინ იქნება დედა, ერთგული, მგრძნობიარე და მოსიყვარულე. რაც შეეხება გამოშვებას, მსოფლიოში ეს მიღებულია, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში, როდესაც გარკვეული საძიებო სამუშაოები ჩატარდება, ჩვენებების ჩამორთმევა მოხდება, პრაქტიკულად, ადამიანების იზოლაციას მოახდენენ და მათგან ინფორმაციის მაქსიმალურად ამოღებას, შემდეგ ისე ხდება ხოლმე, რომ უშვებენ. ის, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, ამის მთავარი მოწმე, მთვარი დოკუმენტი თავად დავით გარეჯია. აქ სხვა აზრი უბრალოდ, არ შეიძლება, არსებობდეს.
მაწუხებს, რომ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საგუშაგო მოიხსნა. შემდეგ ამ საგუშაგოზე აზერბაიჯანელი მეგუშაგეები დადგნენ. გზა, რომელიც აზერბაიჯანამდე მიდის, ახლა კეთდება, ანუ აზერბაიჯანლებს იქ არაფერი არ ჰქონდათ. იქნებ, ამოიღოთ 2007 წლის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების გამოსვლები, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ და აქ ერთ უბანზე არ არის საუბარი. უდაბნოზე და ჩიჩხიტურზეა ლაპარაკი, რაზეც ამბობენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის. გთხოვთ, ამოიღოთ დოკუმენტური მასალები და საზოგადოებას გააცნოთ, რას ამბობდა მიხეილ სააკშვილის მთავრობა. მიხეილ სააკაშვილის მთავრობა არის ბრალდებული დანაშაულში ჩემი ქვეყნის ერის წინაშე. ამ ცხრა წლის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ემხილებინა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დანაშაულში. ახლა უნდა ვსაუბრობდეთ, რა სიმძიმის არის ეს დანაშაული, ღალატია თუ შემთხვევით არის მომხდარი“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.