“კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მას არ წყენია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა.
როგორც ჩარკვიანმა “დღის კურიერში” განაცხადა, მისთვის ოპოზიციის გაერთიანება რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან “ფსევდოოპოზიციასთან” მოლაპარაკებაზე ჯდომა, საზოგადოებისთვის ცუდია.
“არა იმიტომ რომ, არ მივიჩნევდი მე მათ ოპოზიციად… ჩემთვის უმძიმესი იყო გაერთიანება, იმიტომ კი არა იქ ვინმეს ვერჩი, არამედ ვიცი, რომ ფსევდო ოპოზიციასთან ჯდომა და ვექტორალურ აზელვაზე ცუდი, საზოგადოებისთვის არაფერი არ არის. მე მხოლოდ იმიტომ მინდა პოლიტიკაში მოსვლა, რომ ვეღირსო თავისუფალ პროკურატურას, სასამართლოს, აუდიტს და თავისუფალ, დამოუკიდებელ არხს. კი 60 მილიონიანი არხი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი…
დიდი ხანია ვყვირი, რომ ელისაშვილი-იოსელიანი ფსევდო ოპოზიციაა. რომ არ დასვამ ამ ტიპის პოლიტიკანებს მაგიდასთან, შემდეგ საზოგადოება მიხვდება, რომ ოპოზიციაში რაიმე გახლეჩვა კი არ მოხდა, არა, ფსევდოები იყვნენ და თავისი პაიკები უკან გაიყვანა ხელისუფლებამ. მათ შესვლა სურდათ, უბრალოდ, უნდოდათ არაკომფორმისტული სახელით შესულიყვნენ და არ გამოდის ეს ამბავი. პრინციპულობა სხვა არის, კომფორმიზი სხვა, პრაგმატული პოლიტიკა სხვა არის, პრაგმატული პოლიტიკა არ არის მათი პოლიტიკა, პრაგმატული არის, ის, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ხელისუფლებას,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მმართველმა გუნდმა მისი განხილვა არ დაუშვა.