შიდა ქართლში დედას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ოჯახის ახლობელმა “რუსტავი2”-ს მიაწოდა და დახმარება ითხოვა.
დედა ცემის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამას ხშირი სახე არ აქვს.
“ღამე მოვიდნენ პირველ საათზე, თქვენ ბრალი გედებათ ბავშვზე ძალადობაშიო. ალყა ისე შემომარტყეს, გეგონება მკვლელი არისო და არსად გაიქცესო.
ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ, სხვა დროს მე ჩემი შვილები არ მიცემია. მითხრეს დროებით უნდა გადავიყვანოთ ბავშვებიო.
მე და ჩემს მეუღლეს დავა გვაქვს სასამართლოში, მეზობლები მეუბნებოდნენ, დადისო და ქრთამს სთავაზობს ხალხს, ან ვიდეო გადაგიღონ, ან რამეში გამოგიჭიროსო, რომ ბავშვები წაგართვასო,”- აცხადებს დედა.
დედა ითხოვს, შვილები დაუბრუნონ და პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
“ვნანობ, ვნანობ, დამიბრუნონ შვილები და თუ მსგავსი ფაქტი განმეორდება, მე თვითონ ვიტყვი შვლებზე უარს,”- აცხადებს დედა.
ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა სოციალურ სააგენტოს. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვანი თავშესაფარში გადაიყვანა, საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.