ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს და მოუწოდებს, პირველი თებერვლიდან ფრენების აღდგენის შემდეგ მოქალაქეები არ დაუშვან თვითმფრინავებში, თუ შესაბამის დოკუმენტს ვერ წარადგენენ.
როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, არავაქცინირებულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, ქვეყანაში ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ. ასევე, ვალდებულები იქნებიან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი.
„მივმართავთ ავიაკომპანიებს თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით, დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან სწორედ იმისთვის, რომ გავაცნოთ მათ ახალი წესები და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები. ვიცი, რომ ისენი ამას გაგებით ეკიდებიან და პირიქით, მონაწილეებიც არიან რეკომენდაციების შემუშავების და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ სწრაფად საქართველოში პირველი ჯგუფი ვაქცინირებული უცხოელი მოქალაქეების, ვისაც სურს დაათვალიეროს საქართველო, ესტუმროს საქართველოს, რისთვისაც ვხსნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ეტაპობრივად, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით – ამ ეტაპზე ეს არის აჭარა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული და მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია. ჩვენ ყველანი მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიცავთ“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულარული ფრენები 1-ელი თებერვლიდან აღდგება.