საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი “რეპორტიორი” საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა. ეს ინფორმაცია “მეტრონომს” “რეპორტიორის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ანა ნოდიამ დაუდასტურა. მისი თქმით გაიმართა სასამართლო პროცესი და საკითხი შენიშვნების სახით იქნა განხილული. პორტალი დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის.
რაც შეეხება საინფორმაციო პორტალ “ემპრეეს” ჯერჯერობით, როგორც რედაქციაში გვითხრეს, ამ საკითხს განიხილავენ და ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო სააგენტოებს “რეპორტიორს” და “ემპრესს”საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
ორივე საინფორმაციო სააგენტოს კუთვნილ ვებგვერდებზე 2015 წლის 30 ოქტომბერს (პარლამენტის შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე) გამოქვეყნდა ინფორმაცია საგარეჯოს ამომრჩეველთა საარჩევნო განწყობების კვლევის შედეგების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50–ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.ამავე კანონის 82–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.