„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მისთვის პარლამენტში ოპოზიციის არ ყოფნა ნაკლებად წარმოადგენს გამოწვევას. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ზარქუს თქმით, დროა, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, რა სურს რეალურად და თუ მუშაობა უნდა, შევიდეს პარლამენტში.
“რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, აგერ არის სამუშაო.
ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო წავყევით, რეფორმის ნაწილშიც იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ახლა, თვითონაც ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება. პირდაპირ გეუბნებით, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ გუბაზა 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა. გუბაზასნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზოცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდეს მძევალი გუბაზას და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.