გლდანის მე-8 და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, გლდანში ინფიცირებული 38 პატიმრიდან 8-ს სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.
“გლდანში ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებით აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენი 30 არის უსიმპტომო, ისინი და მათი კონტაქტები არიან საკარანტინო სივრცეში იზოლირებული. ყოველდღიურად უტარდებათ კონტროლის ღონისძიებები, რაც არის გათვალისწინებული სამედიცინო პროტოკოლით”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება ქსნის პენიტენციურ დაწესებულებას, მინისტრის თქმით, იქ ვირუსი 40 პატიმარს დაუდასტურდა.
“რაც შეეხება ქსნის მე-15 დაწესებულებას, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს 40 დადასტურებული პირი, არიან უსიმპტომო პაციენტები. მათ ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისაგან და მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან”, – თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლოს დასრულდება. მისი თქმით, ჯამში 10 დაწესებულებაში ჩატარებულია 6 654 ტესტი, საიდანაც 113 შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო.