დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.
თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი / ოჰაიოს შტატის სენატორი, ჯეი დი ვენსი („რესპუბლიკური“ პარტია) და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი / მინესოტის შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი („დემოკრატიული“ პარტია).
ამერიკის არჩევნების შედეგები, გარდა ამერიკელებისა სხვა მრავალი ქვეყნის ინტერესის საგანია. ასეთია საქართველო და ქართველი ხალხი.
როგორ მიმდინარეობს არჩევნები აშშ-ში და რა მნიშვნელობა ექნება მის შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის – აღნიშნულის შესახებ “მეტრონომი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
• როგორ შეაფასებდით აშშ-ში არჩევნების მიმდინარეობას ?
მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევე როგორც წინა, პოლარიზაციის აშკარად მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც უკვე აისახა ამომრჩეველთა აქტიურობაში წინასწარი ხმის მიცემის საშუალებით. 2020 წელს, ჯამში 150 მილიონამდე ამერიკელმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და სავარაუდოა, რომ ხმები ამ მაჩვენებელს წელსაც მიუახლოვდება. პოლარიზაციის გამოწვევის ძირითადი მიზეზი, თავისთავად, დონალდ ტრამპის ურთიერთსაწინააღმდეგო ფიგურის არსებობაა, რომელიც, უკვე მესამედ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში. იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი ბევრი ამერიკელისთვის საკმაოდ მტკივნეულ საკითხებს შეეხო, როგორებიცაა ემიგრაცია, ამერიკული საწარმოების ქვეყნის გარეთ გადინება და ნავთობის ფასები, მან ამერიკის ერთი ნახევრის აშკარა სიმპათია დაიმსახურა. თუმცა, ცხადია, რიგი ეკონომიკურ-სოციალური საკითხების შესახებ უთანხმოების გამო, ტრამპს ბევრი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ეს პირველ რიგში ვლინდება იმ დიდი ბიზნესის მიმართ წინააღმდეგობაზე, რომელთაც, ტრამპი ჯერ კიდევ თავისი პირველი ვადის პერიოდში სთხოვდა წარმოების შინ დაბრუნებას, სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. ამასთან ერთად, მას ბევრი ადანაშაულებს ახალი ემიგრანტების საწინააღმდეგოდ რასისტულl გამოვლინებებსა და საჯარო პოლიტიკისათვის არაჯეროვანი რიტორიკის დაკვირვებაში. შესაბამისად, ასეთი ვითარება კიდევ უფრო ართულებს შედეგების პროგნოზირებას, რაც საბოლოოდ მაინც რამდენიმე ე.წ. მერყევ შტატზე იქნება დამოკიდებული. ეს ისეთი შტატებია, სადაც, გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო წლების განმავლობაში არც ერთ პარტიას არ მოუპოვებია და დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც.
• რა მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებს საქართველოსთვის ?
საქართველოსთვის, როგორც მთელი მსოფლიოსა და რეგიონისთვის ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მასზე, თუ ვინ გააკონტროლებს თეთრ სახლს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კერძოდ, იქნება ეს პარისი თუ ტრამპი, მიმაჩნია, რომ ისინი ბაიდენის საგარეო კურსს ნაკლებად შეინარჩუნებენ, მის მიერ გამოვლენილი რამდენიმე აშკარად წარუმატებლობის გამო. მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტებსა და ავტოკრატიული რეჟიმების გააქტიურებას, ცალსახად უფრო მოქნილი და ინტერვენციონისტი შეერთებული შტატები სჭირდება, რადგან, მათ მიერ დატოვებული ვაკუუმის შევსებას, სხვადასხვა ძალები, ჩვენთვის კარგად ცნობილი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ, რაც, ავღანეთის მაგალითმა ცხადად გვაჩვენა. ერთის მხრივ, დასაფიქრებელია კამალა პარისის საგარეო პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც, რეალურად ამ მიმართულებით აქტიური არასდროს ყოფილა არც სენატში და არც ვიცე პრეზიდენტობის დროს. თუმცა, ამჟამინდელი საერთაშორისო მდგომარეობა მას შანსს არ დაუტოვებს, რომ ბაიდენთან შედარებით უფრო არ გააქტიურდეს. იმავეს თქმა შეიძლება დონალდ ტრამპზე. ჩემი პირადი მოსაზრებით, ტრამპის პირველი ვადა იძლევა მისი საგარეო კურსის პროგნოზირების შესაძლებლობას. კერძოდ, იგი კვლავ მკვეთრად დაუპირისპირდება ირანს, ეცდება ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის რეჟიმების შერყევას და არაერთი მიმართულებით შეეცდება გააწონასწოროს ჩინეთი და მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსია.