პირველი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება. – აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან.
“აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე. სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა.
ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.