ფსიქოლოგი, მაია ცირამუა სოციალურ ქსელში ქვეყანაში პანდემის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ წერს.
როგორც ფსიქოლოგი თავის მიმართვაში ამბობს, ის პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას არამართებულად მიიჩნევს.
მისივე თქმით, აკრძალვების გაგრძელება საზოგადოებას ძალიან დააზიანებს. ამასთან, ცირამუა სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ვერანაირი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო (რომელიც კარგად ვიცით რა დღეშია) ვეღარ გაუმკლავდება აქ პრობლემებს.
წარმოუდგენელია ასეთი არათანმიმდევრულობა!
მოლები გაიხსნა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მოძრაობს. ბავშვები ისევ გამოკეტილები და მთელი ქვეყანა 9 საათიდან საბუდარში შერეკილი ქათმებივით. ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) გაღატაკებული, დეპრესიაში და სრულიად უპერსპექტივო.
ბავშვები ყველაზე მტკივნეული თემაა!
რატომ ვერ ხსნიან სკოლებს? ალბათ ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მთავარი – 2017 წელს, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჯარო სკოლა მოვინახულეთ. უმრავლესობას არ ჰქოდა წყალი, ტუალეტი სკოლის ეზოში იდგა … საშინელი ფეხსალაგი, ხელსაბანი და საპირფარეშო ერთ სივრცეში არ არის. ხელსაბანში წყალი არ ასხია. კატასტროფა ! თბილისის გადაფრონცქილი სკოლების დერეფნებშიც ერთმანეთში ირევა ტუალეტისა და ბუფეტის სუნი, ძირითადად საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა … ამაზე, თუ გახსოვთ ჯეჯელავა წუხდა მაშინ და იქვე დამთავრდა …
ცხადია ასეთი სკოლებით ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ უკვე ერთი წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და რა ჯანდაბას ველოდებით?! ალბათ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოწესრიგება და რაიმე გონივრული სქემის შექმნაც, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვა ყველაზე უკიდურესი ზომა ყოფილიყო!
რატომ ვერ მოიფიქრა ვერაფერი ჩვენმა მთავრობამ იმის გარდა, რომ დედაბუდიანად პატიმრობა მოგვისაჯა?!“ – წერს ფსიქოლოგი.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.