დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ სკამებში ჩამონტაჟებულა ნაგვის ურნები.
კალაძის თქმით, მსგავსი პროექტი არც მერიას და არც გამგეობას არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს მერიამ დააპროექტა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა. მინდა რეალობა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი ადამიანის გაკეთებული პროექტი, რომელთაც უყვართ ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ, მათ მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსეს მოსასვენებელი სკამები, რომელსაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები.
პირველი ცრუ ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რა სისულელე მოიგონა მერმა, არ ეყოფათ ის რაც ჭავჭავაძეზე გააკეთესო? ჭავჭავაძის ქუჩა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების დაპროექტება თბილისში თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა ის მოწონდა ხალხს, რომ ვირხთები და სუნი იყო? აბა ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს მოსწონთ თუ არა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გოგებაშვილის ქუჩაზე მდგარი სკამების ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ეწერა, რომ მერიამ ურნები სკამებში დაამონტაჟა.