ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“2016 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის”

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი შევიდა. მასში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ისაუბრა. დეპუტატის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 225 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ეს ზრდა შემდეგნაირად ნაწილდება – დაახლოებით 90 მილიონი მიმართული იქნება პენსიის 20 ლარით გასაზრდელად, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამას 15 მილიონი ემატება, სპორტული ღონისძიებებისთვის ასევე 15 მილიონის დამატება ხდება. 10 მილიონი ლარი ემატება ეკონომიკის სამინისტროს. ასევე დაფინანსება ეზრდება სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხვნა-თესვის პროგრამისათვის კი მობილიზებული იქნება 48 მილიონი ლარი.
ეკონომიკური ექსპერტების აზრით, 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული და ის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ გარკვეულ საფრთხეებსაც, მათ შორის იმას, რომ  წინასწარ გაუთვლელ ნაბიჯებს ლარის დევალვაციაც მოჰყვეს. ამის მიზეზი ერთ კვირაში ბიუჯეტის 225 მილიონი ლარით გაზრდაა, რაც  გაუმართლებლად მიაჩნიათ.

ექსპერტების ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ეკონომიკური ზრდის გარეშე არარეალისტურია.

“ბიუჯეტი დაუბალანსებელია, შემოსავლები არარეალისტური,” – აცხადებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად პარლამენტს ვადა 18 დეკემბრამდე აქვს.

იტვირთბა....