ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნავალნი “პატარა პუტინია”, ის ჩემთვის საღადმოაზროვნე ადამიანიც კი არაა”- გია ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებსთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის პატიმარია.

ბარამიძე რუსეთში ნავალნის დაბრუნებას გამბედავ საქციელად აფასებს და მას  ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დამარცხებაში წარმატებას უსურვებს.

გარდა ამისა, ბარამიძე საქართველოსთან მიმართებაში ნავალნის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს, რის გამოც რუს ოპოზიციონერს “პატარა პუტინს” უწოდებს.

თუმცა ბარამიძე აღნიშნავს, რომ თუ რუსი ოპოზიციონერი საქართველოსთან მიმართებაში პოზიციას შეიცვლის, პოლიტიკოსის მიმართ მისი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

„დღეს იგი პუტინმა დაიჭირა, მას შემდეგ რაც ვაჟკაცურად არ შეუშინდა და ჩავიდა რუსეთში. იგი დღეს პუტინს ებრძვის და მისი ქმედებები მიმართულია ამ რეჟიმის მხილებისა და დამარცხებისაკენ. ამიტომ ამაში მას წარმატებას ვუსურვებ, ისემც უქნიათ რო აირიონ და თავისი თავის გარდა სხვა ვერავინ გაახსენდეთ!

ამავდროულად, ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე “დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც არის პუტინიც. “პატარა პუტინია”. ამიტომ, როგორც ქართველი პატრიოტი, იგი ჩემთვის არა თუ კარგი პოლიტიკოსი არაა, არამედ არც ცივილიზირებული და საღადმოაზროვნე პატიოსანი ადამიანიც კი არაა და მას წარმატებას მხოლოდ პუტინის რეჟიმის დაშლაში ვუსურვებ და არა იმაში, რომ მან იგი (ღმერთმა დაგვიფაროს და) ხელისუფლებაში ჩაანაცვლოს.

თუ ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში თავის პოზიციას შეიცვლის და ცივილიზირებული, ანუ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო პატივისცემის პოზიცია ექნება მომავალში, მეც ამის შესაბამისად შევიცვლი მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას“, – წერს ბარამიძე.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი  ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....