ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, ვინაიდან კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა იკლებს, ისინი 1-ელი თებერვლიდან მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 3000-მდე საწოლია თავისუფალი, ხოლო ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი მკურნალობს.
„ამ მომენტისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი. კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი იტარებს მკურნალობას. აქედან 798 არის ჟანგბადდამოკიდებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 230 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმროებში.
პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თებერვალში დარჩება საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.