პანკისის ხეობაში, კერძოდ სოფელ დუისში დღეს მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
40 წლის მამაკაცს ცივი იარაღით 10 ჭრილობა ნათესავმა მიაყენა, წინასწარი ინფორმაციით კი მკველობაში ეჭვიმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
როგორც გარდაცვლილი მამაკაცის დედა “კურიერთან” ჰყვება, მის შვილსა და ნათესავს შორის წარსულში უთანხმოება ჰქონდათ.
“არ იყო ჩხუბი, არაფერი არ იყო. დადიოდა აქ, ჩვენთან მოდიოდა. მამა რომ მომიკვდა, სამძიმრად რატომ არ მოვიდაო… იყო ჩემი შვილი ორჯერ, მაგრამ თვითონ ადგილზე არ იყო. რა მოხდა, არ ვიცი,” – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
ამასთან, როგორც მედიასთან ნათესავები აცხადებენ, გარდაცვლილიც და ბრალდებულიც ნარკოდამოკიდებულები იყვნენ.
“ნარკოტიკი გვიფუჭებს ყველაფერს, ამ ახალგაზრდობასაც ცუდ დღეში გვიგდებენ. მთელი ახალგაზრდობა გაგვიფუჭეს. იძახიან, რომ ორივე ნარკოდამოკიდებული იყო. დაურეკია, მარტო ვარ, მოდი, საქმე მაქვსო, მერე რა მოხდა ღმერთმა უკეთ იცის. არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ყოფილა, პირიქით, ძმაკაცები იყვნენ, ყველანი და-ძმებივით ვიყავით,” – აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
ცნობისთვის, ამ წუთებში პანკისის ხეობაში და შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 108-ე მუხლით აღიძრა.