ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანადამფუძნებელი, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
რურუა აღნიშნული პოსტით, მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მადლობას უხდის.
“მეტრონომი” გიორგი რურუას პოსტს უცვლელად თავაზობთ.
“ჩემო მეგობარო ალეკო,
ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს.
მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.
და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას.
ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა”, – წერს რურუა.
ცნობისთის, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ “მთავარი არხის” თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.
“8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა? ერთადერთი, გიორგი რურუა დატოვეს და იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ. ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე “ქართულმა ოცნებამ” რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა ოპოზიციას, სიმართლე გითხრათ, ყველამ თავი დახარა. ის, რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი”. – განაცხადა “ფორმულასთა” საუბრისას ელისაშვილმა.