ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით. 2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით იმატა , რაც, მისი თქმით, პანდემიის აპირობებში გასაკვირია. ამის შესახებ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძე გზავნილების გაზრდას საქართველოში სიღარიბის გაზრდით ზრდის და ამბობს, რომ სავარაუდოდ, უცხოეთში მომუშავე ემიგრანტები დანაზოგიდა აგზავნიან თანხას.
“2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით იმატა და სარეკორდო, 1,88 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან პანდემიის გამო ემიგრაციაში მყოფმა ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დაკარგა სამუშაო ან შეუმცირდა შემოსავალი. ამ პარადოქსის ახსნა ალბათ იმით შეიძლება, რომ, რაც უფრო მეტად გაუჭირდათ აქ მათ ახლობლებს, მით უფრო მეტი მოიკლეს თვითონ, რასაც აქამდე ზოგავდნენ, იმასაც აგზავნიან.
ბოლო ათი წლის განმავლობაში უცხოეთში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა გადმორიცხეს 14,3 მილიარდი დოლარი. ეს ზუსტად იმდენივეა, რამდენიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამავე პერიოდში. ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში. ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ამ ადამიანებმა შეინახეს. ლარი რომ უარეს დღეში არაა, ამასაც მათ უნდა ვუმადლოდეთ. ორივე ქვეყანაში ქმნიან სიმდიდრეს, აქაც და იქაც. არაა ეს ცალმხრივი პროცესი.
როცა ხალხი ქვეყნიდან გასვლის ნაცვლად დაბრუნებას დაიწყებს, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ აღმავლობის გზაზე ვდგავართ,”- წერს რომან გოცირიძე.