“ყოველი სოფლის დონეზე ახლა უკვე აღრიცხული უნდა იყოს, პირველი ვინ აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,” – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი და ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.
ამასთან, ჭიაბერაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ვაქცინაციის გეგმის გასაჯაროვებას მოითხოვა.
„მოდის ვთქვათ, 100 000 დოზა, ვინ არის ის 100 000 ადამიანი, ვინც იცრება. ამის დალაგება ძალიან მარტივია. ვაქცინა ვთქვათ, შემოვიდა 1 თებერვალს, დღევანდლიდან პირველ თებერვლამდე ამის აღრიცხვა ძალიან მარტივად არის დალაგებადი პრიორიტეტების მიხედვით სოფლის დონეზე. გვაქვს 100 000 ვაქცინა? პირველ რიგში ვინ იცრება. თუ 50 000 გვაქვს, ვინ არის ის, ვინც პირველ რიგში იცრება. თუ 200 000 გვაქვს, ვინ არის ის ვინც პირველ რიგში იცრება. ანუ ეს თუ არის გამჭვირვალე და საჯარო, მით უმეტეს თუ შეიძლება რომ ინტერნეტპლატფორმა იყოს და ყველაფერი იყოს აღრიცხული, ეს ნაკლებ პრობლემებს დაბადებს თვითონ ამ ვაქცინაციის, აცრის პროცესში და ანტივაქსერულ მოძრაობასაც ნაკლები შეთქმულების თეორიების შექმნისა და გავრცელების საშუალება ექნება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“.