ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიმედოვნებთ, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება”- მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს წერილით მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს წერილით მიმართავს.

წერილში ნათქვამია, რომ მიურებელია, ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მღვდლის მსახურება.

როგორც წერილში წერია, მიურებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა ჩაატაროს ნებისმიერი რელიგიური მსახურება.

მიტროპოლიტი გერასიმე აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები აზიანებს ეკლესიებს შორის ურთიერთობას.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვის საპატრიარქო საკითხს გამოიკვლევს და მკაცრ ზომებს მიიღებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს.

“ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია).  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება”. – ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

იტვირთბა....