“საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ,” – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახი კალაძემ სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ გააკეთა.
როგორც კალაძე წერს, სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იქნება არა მხოლოდ კანონის უგულვებელყოფა, არამედ ასევე წინაპრების შეურაცხყოფა.
„ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე.
საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.
არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულვებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.
მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.