“რაც ნახეთ, ეს არის ნათლობა სრული წესით მოციქულების ტრადიციის მიხედვით. პირადად მე, შეძლებისდაგვარად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, 30 წელია ასე ვნათლავ,” – ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი სოციალური ქსელში წერს.
მიტროპოლიტმა ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ ამ პრაქტიკას ის რამდენიმე ათეული წელია, მიმართავს.
“რაც ნახეთ, ეს არის ნათლობა სრული წესით მოციქულების ტრადიციის მიხედვით. პირადად მე, შეძლებისდაგვარად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, 30 წელია ასე ვნათლავ – გამდინარე ცივ წყალში და ჯერ არც ერთი შემთხვევა არ მქონია მოსანათლის – პატარასი თუ დიდის – ავად გახდომის. ცხადია, დასაშვებია მდგარი წყალი, თბილი წყალი, თბილი შენობა და წყალში სრული დაფვლის გარეშე მხოლოდ წყლის 3 გზის მიშხეფებით – ხშირად, ასეც ხდება ხოლმე; მაგრამ სრული წესით ნათლობის და სხვა ღვთისმსახურების აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ვისაც თვითონ მიუღია მონაწილეობა, დამეთანხმება”. – წერს მეუფე ნიკოლოზი.
იხ: ვიდეო:
ხოლო გამომცემლობა “ტაბულა” აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, პედიატრებსა და რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგებს დაუკავშირდა.
“ცივ წყალში მოულოდნელად მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ე.წ. ‘’ცივი შოკი’,’ რომელიც გამოწვეულია ტემპერატურის რადიკალური და სწრაფი ცვლილებით, ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
წყალში მოხვედრის ხანგრძლივობისა და თანმხლები დაავადებების მიხედვით შეიძლება განვითარდეს ბევრი რამ, იქნება ეს ფსიქოლოგიური სტრესი, არითმიები, სითხის ასპირაცია, გონების დაკარგვა თუ გულის გაჩერებაც კი.
ეს ყველაფერი მეტად სახიფათოა ბავშვებისთვის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი თერმორეგულაციური (ორგანიზმის უნარი აკონტროლოს სხეულის ტემპერატურა) მექანიზმები ჯერ კარგად ჩამოყალიბებული არ არის”. – ამბობს “ტაბულასთან” რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია.
“ცივ წყალში უეცარი ჩავარდნისას, თავის ჩაყოფისას ან ცივი წყლის შესხმისას ადამიანი აჩერებს სუნთქვას რამდენიმე წამის განმავლობაში, ამას ემატება ცთომილი ნერვის გაღიზიანება, რასაც შეიძლება მოყვეს ბრადიკარდია ან საერთოდაც მძიმე არითმია. ამგვარი პრაქტიკა დაუშვებელია”. – განუცხადა “ტაბულას” ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტმა ირინა წირქვაძემ.