საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც 150-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა, რომელიც COP21-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.