უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ერთ თვეში იმდენ რუს ოკუპანტს ანადგურებს, რამდენის მობილიზებასაც რუსეთი ახდენს, მათი ძალები მაინც იზრდება, რადგან ისინი რეზერვებიდან დამატებით სამხედროებს რთავენ.
„ერთ თვეში ჩვენ იმდენივე ოკუპანტს ვანადგურებთ, რამდენის მობილიზებასაც რუსები ახდენენ, თუმცა ამავდროულად, უკრაინის ტერიტორიაზე მათი დაჯგუფების რაოდენობა იზრდება. ანუ, მიგვაჩნია, რომ ისინი საკუთარ დაჯგუფებას სტრატეგიული რეზერვიდან სამხედრო მოსამსახურეების ჩართვის ხარჯზე ზრდიან. ჩვენ მთავარსარდალთან და გენშტაბის უფროსთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამას. ვფიქრობთ, რომ რუსებისთვის ეს სარისკო ნაბიჯია, რადგან ასეთი მოქმედებებით ისინი სხვა სახელმწიფოებთან საკუთარ საზღვრებს ასუსტებენ, იქ კი მათთვის ვითარება მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, მათ ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს“ – ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ აპრილის ბოლომდე რუსებს დრუჟკივკას, კონსტანტინოვკასა და პოკროვსკის აღება სურთ. თუმცა, ზელენსკი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია.

