“ვალდებულად ვთვლიდი თავს, მომეხადა ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “entrepreneur”-სთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნულ ჟურნალთან საუბრისას დასძინა, მას არანაირად არ სურს პოლიტიკოსის პროფესიის დაკნინება. უფრო მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა.
„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება, ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს – თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოს და ბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული.
მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. ვალდებულად ვთვლიდი თავს, მომეხადა ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.