დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსეილში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც განუკურნებელი სენით გარდაცვლილი ბიჭის შესახებ წერს.
“მეტრონომი” დეკანოზის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“იშვიათად შემხვედრია ამირანისნაირი ადამიანი. თავაზიანი, კეთილი, კარგად აღზრდილი და ძალიან მოსიყვარულე იყო. ხელს არ მიშვებდა, დარჩი, კიდევ მესაუბრეო. თავთან წიგნები ეწყო. იბრძოლე, რომ უფლისთვის სათნოდ წარიმართოს შენი ცხოვრება, მეთქი… კიო, შემპირდა.
ღმერთზე ვისაუბრეთ, სიყვარულზე, მეგობრობაზე… კიდევ ერთი მთავარი ინტერესი გაყვა იმქვეყნად…
ბერობა სურდა…ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც კი ეს სიტყვები წარმოსთქვა, თითქოს ჩემს წინ მხცოვანი, სულიერად გამოცდილი ბერი იწვა სიკვდილის სარეცელზე და მის უკანასკნელ დარიგებას ვისრუტავდი…
ვგრძნობდი, რომ მისი სული ღმერთს ზეიმობდა. სხეული იტანჯებოდა, მაგრამ ეს ტანჯვა ამირანს მარადიულ სიხარულად ექცევა.. დღეს მას პირველი პანაშვიდი გადავუხადე… ძნელია, მაგრამ ეს არის ჩვენი ყველაზე რეალური ცხოვრება… თითქოს ვართ, მაგრამ აღარც ვართ…არაფერი დავგეგმოთ, ყველაფერზე მეტად უკანასკნელ შეხვედრაზე ვიფიქროთ… ამირანის ნახევრად გაყინული ხელისგული სამუდამოდ დამამახსოვრდა!..” – წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, მამა პეტრემ ცოტა ხნის წინ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბიჭი, რომლის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ის ბერად აღიკვეცებოდა დღეს გარდაიცვალა.
„უფალმა მიიკრა ამიკოს სული. ჩაჭიდებული ხელი კი სამუდამოა. ილოცეთ ამირანის საცხოვნებლად!” – წერდა დეკანოზი.