“კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან დღეს განაცხადა.
დეკანოზის განმარტებით, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.
“გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. ჩატარდა 55 ტესტი, ყველას ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხი არის უარყოფითი. ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში იმყოფება მხოლოდ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში აღნშნავდნენ, თავდაპირველად კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ცნობილია, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ბოლო შეხება მის დაბადების დღეზე, 4 იანვარს ჰქონდა.
ამასთან, 9 იანვარს საპატრიაქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობდნენ. ეპიდომელოგებმა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს, ლაბორატორიულ ნიმუშებს აუღეს. გუშინ, გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.