ახალი ამბები ბლოგები კულტურა

აბი პარაცეტამოლი

დღეს დემიენ ჰერსტი ყველასთვის ცნობილი მხატვარ-კონცეპტუალისტი, ინდივიდუალური და დასამახსოვრებელი ესთეტიკის მქონე, შოკისმომგვრელი ინსტალაციების ავტორია. როგორც ,,თანამედროვე ხელოვნების’’ ფრონტლაინზე მყოფი ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში, დემიენ ჰერსტის ინსტალაციებიც ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას იწვევს – ისინი ან ავტორისადმი ლამის ფანატიკური სიყვარულით განგაწყობენ, ან მის მიმართ ზიზღს გიჩენენ. ნიუ-იორკის მერმა, რუდოლფ ჯულიანმა, ბრუკლინის მუზეუმს კატეგორიულად აუკრძალა პროექტ ,,Sensation’’-ის ჩატარება. აკრძალვის მიზეზად მან საზოგადოებისთვის შესაძლო ,,სოციალური, მორალური, რელიგიური და ესთეტიკური ზიანის’’ მიყენება დაასახელა. გამოფენის ექსპონატებს შორის დემიენ ჰერსტის ორი ნამუშევარიც იყო – ,,გოჭუნა მიდის ბაზარში, გოჭუნა რჩება სახლში’’ და ,,პატარა სიამოვნებები, რომლებსაც იღებ მაშინ, როდესაც აცნობიერებ რომ ყველა და ყველგან ცოტ-ცოტას გატყუებს’’, რომლებიც გამჭვირვალე ქილებში კონსერვანტებთან ერთად მარინირებულ შუაზე გაყოფილ ღორსა და თორმეტ ნაწილად დაჩეხილ ძროხას წარმოადგენდნენ.

თვითონ ჰერსტის თქმით, იგი პატარაობიდანვე შეუჩერებლად, თითქმის ყველგან და ყოველთვის ხატავდა. როცა ფურცლები უთავდებოდა, დედა მაღაზიაში გარბოდა და ქაღალდის ახალი შეკვრა მოჰქონდა, დემიენს იატაკზე, ან კედლებზე რომ არ ეხატა.

გეგელის მსგავსად, როცა მასწავლებელმა მასში მოაზროვნის თვისებები ვერ დაინახა, ჰერსტი სკოლაში ,,ხელოვნების კურსში’’ ჩაიჭრა, შემდეგ კი მასზე უარი ორმა კოლეჯმა თქვა. მოკლედ, როგორც ზოგადად ხდება გენიების ცხოვრებაში.

ახალგაზრდა ჰერსტმა მოახერხა და რამდენიმე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისი ადრინდელი ნამუშევრები, შეიძლება ითქვას, ,,დასპირტული ხორცის ზეიმია’’, ერთგვარი პოსტ-აპოკალიპტური ნატურმორტი. 90-იან წლებში, ჰერსტის ქარიზმატული ფიგურის ირგვლივ, მისმა რამდენიმე თანამოაზრემ მოიყარა თავი, რომლებიც შემდეგში YBA-ს (Young British Artists – ახალგაზრდა ბრიტანელი ხელოვანები) სახელით გახდნენ ცნობილი. YBA-ს წევრები, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული და კონტროვერსიული არტისტები – ჯეკ და დინოს ჩეპმენები, ტრეისი ემინი იყვნენ, რომლებიც ბოლომდე თავიანთი რადიკალური ხედვის მომხრენი დარჩნენ. მათმა კოლაჟმა, დასახიჩრებული გენიტალიების მქონე ადამიანებით და პრეზერვატივებითა და ცარიელი მინის ჭურჭლით დაფარული საწოლით, მოულოდნელად ცნობილი მაგნატის, ჩარლზ სააჩის ყურადღება მიიქცია. სააჩის გაცნობა, ჰერსტისთვის, ყველაზე მაღალშემოსავლიან მხატვრად ქცევისკენ პირველი ნაბიჯი იყო. 1991 წელს, სააჩის ფინანსური დახმარებით, ჰერსტი თავის ყველაზე პოპულარულ ნამუშევარს ქმნის – ფორმალდეჰიდით სავსე აკვარიუმში მკვდარ ზვიგენს ათავსებს და სახელად ,,ცოცხალი არსებების ცნობიერში ფიზიკური სიკვდილის შეუძლებლობა’’-ს არქმევს. ამ ნამუშევრით ის ტენდერის ფონდის “შორთ-ლისტში” ხვდება, თუმცა მოგებით მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, ასევე ფორმალდეჰიდში ჩადებული ცხვრის თავით იგებს, ხოლო ზვიგენი, რამდენიმე წლის შემდეგ, თანამედროვე, ცოცხალი არტისტისთვის აქამდე წარმოუდგენელ ფასად – 12 მილიონ დოლარად, კოლექციონერმა სტივენ კოენმა შეიძინა. თუმცა, ამ ნამუშევრის ისტორია ასე არ დასრულებულა. რამდენიმე წლის წინ ექსპონატმა, პირდაპირი გაგებით, გაფუჭება დაიწყო, – ზვიგენი იხრწნებოდა. რადგან 12 მილიონად შეფასებულ ექსპონატს აქვს უფლება ,,უკვდავი’’ იყოს, ჰერსტმა საკუთარი კომპანიის, ,,Science LTD.’’-ს ფარგლებში ზვიგენის შეცვლისთვის მზადყოფნა გამოაცხადა და თან დაურთო განმარტებაც, სადაც ახსნა, რომ ამ ჟესტით ხელოვნების ნიმუშის იდენტურობა არ შეიცვლებოდა, რადგან საქმე ეხება კონცეპტუალურ ხელოვნებას.

თვითონ ჰერსტის განცხადებით, ოთხმოცდაათიანი წლების ალკო-ნარკოტიკულმა გამოცდილებამ მისი ხელახლა დაბადება გამოიწვია, რამაც მას გარკვეულწილად აქცენტები შეაცვლევინა. თუ ადრე ჰერსტს სიკვდილისა და სიცოცხლის ფიზიოლოგიური გამოვლინებები აინტერესებდა, ახლა ამ თემების სპირიტუალურ კონტექსტს ჩაუღრმავდა. ერთადერთი, რაც უცვლელი დარჩა, ჰერსტის აპათია და სამყაროს ატიპიური კუთხიდან დანახვაა. მისი გამოფენის, ,,ახალი რელიგიის’’ ექსპონატების პროტოტიპები ნემსები, აბები და სხვადასხვა სამედიცინო საშუალებები თუ ინსტრუმენტები გახდა. ამ ახალი პროექტის მთავარი იდეა ფარმაცევტული კომპანიების ჰეგემონიაა, რომლებმაც ახალი რელიგია შექმნეს, ჩაანაცვლეს რა ტრადიციული სიმბოლოები პრეპარატებით. ბიბლიური წმინდანების სახელებდარქმეული აბების ფოტოასლები, თანამედროვე ადამიანის მედიცინისადმი გულუბრყვილო რწმენისა და მისი, როგორც ყველა უბედურებისგან დამხსნელი პანაცეის პაროდირებაა.

ალექსანდრ ბოროვსკი, კულტუროლოგი, ,,ახალი რელიგიის’’ შესახებ წერს: ,,ამ თემასთან დაკავშირებით მარქსისტული ტექსტი მახსენდება – ,,რელიგია ხალხისთვის ოპიუმივითაა’’. ეიფორია ორგანიზმში მიმდინარე რელიგიური და ქიმიური პროცესია. მედიცინა და რელიგია კარგად იყიდება. ჰერსტი ერთადერთი მხატვარია, რომელმაც ჰალუცინოგენური ეფექტით პარალელი გაავლო სიცოცხლესა და სიკვდილს, რელიგიასა და მეცნიერებას შორის. თავის ძველ ნამუშევრებში ის ,,სექს პისტოლსის’’ ტექსტებს იყენებდა და ყველა ამბობდა რომ ეს ტექსტები ჰერსტისაა. არის საშიშროება რომ რაღაც პერიოდის მერე ბიბლიურ ტექსტებზეც ასე იტყვიან. რომ არაფერი ვთქვათ პარაცეტამოლის აბის დიზაინზე.’’

როგორც არ უნდა იყო დემიენ ჰერსტის მიმართ განწყობილი, მოგწონს თუ არა მისი ნამუშევრები, წარმოუდგენელია არ დააფასო მისი ნიჭი მარკეტინგში, თუ როგორ შეიძლება ადამიანისგან ბრენდის შექმნა. მისი ბრენდი ცნობილია და გამოფენებზე ისეთ ადამიანებსაც კი აიძულებს სიარულს, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, არაფრის დიდებით არ ჩაივლიდნენ რომელიმე თანამედროვე ხელოვანის საგამოფენო დარბაზთან. გარდა ამისა, მასმედიაც დადებითადაა განწყობილი ჰერსტის ხელოვნების მიმართ (ყოველი რუბრიკა თუ სიუჟეტი მასზე მაღალი რეიტინგის გარანტია), ეს კი ჩვენ, მედიის საუკუნეში, წარმატების საუკეთესო მაჩვენებელია.

იტვირთბა....