ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.
ცერცვაძე ამის მიზეზად აღნიშნული ვაქცინების შესანახად განსაკუთრებულ პირობებს ასახელებს.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინები 80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია. საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი AstraZeneca-ს ვაქცინაა.
“ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.
ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს”,-ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დაახლოებით ერთ თვეში შემოვა, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი რომელ ვაქცინას შემოიტანს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო. თუმცა,მოგვიანებიტ, ქვეყანაში მოსახლეობის აცრა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით დაიწყო.