ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სხვათაშორის ცხედრები სხვენებზე არ გადაუმალავთ, ღიად გამოცხადდა”- სამედრო ექსპერტში აშშ-ში მომხდარ არეულობაზე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმასა და მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

სალუქვაძე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და წერს, რომ შტურმების და გატარიალებების მოყვარულებს მომხდარი ამბავი გაუხარდათ.

ამასთან, როგორც სამხედრო ექპერტი წერს, არ აქვს მნიშვნელობა, მსგავსი მოვლენები რომელ ქვეყანაში მოხდება, შტურმი შტურმია, გადატრიალება გადატრიალებაა.

მისივე თქმით, აშშ-ში დღევანდელ მოვლენებს სერიოზული გაგრძელება და გართულებები მოჰყვება.

“შობაა, მაგრამ დამატებით უნდა დავწერო აშშ-ს მოვლენებთან დაკავშირებით.

წავიკითხე აქაური გამოხმაურებები კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით. გაუხარდათ შტურმების და გატარიალებების მოყვარულებს.

წესით, როცა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში პრობლემებია, სტანდარტული ხასიათის განცხადებები უნდა ყოფილიყო, “თვალს ვადევნებთ”, “ჩვენი მეგობრების გვერდით ვართ” და ა.შ.
არა, დაიწყეს ნიშნის მოგებით პარალელების გავლება, ნახეთ, ამერიკაში პარლამენტში შევარდნენ და ხელი არავისთვის უხლიათ, არაფერი დაუთხრიათო. არ უხლიათ, სანამ ზღვარი არ გადალახეს. სამწუხაროდ 4 ადამიანია დაღუპული და ათობით დაშავებულ/დაკავებული. სხვათაშორის ცხედრები სხვენებზე არ გადაუმალავთ. ღიად გამოცხადდა.

ზოგი ბაიდენს გულშემატკივრობს, ზოგი ტრამპს. საკვირველია…

მანამდე სამხრეთ კირეას უგულშემატკივრეს. იქაც შეცვივდნენ პარლამენტში და უტიფრად ცრუობდნენ, შეუშვეს პარლამენტში, არ დაურბევიათო. პოლიციის შეფის განცხადება არ შეიმჩნიეს, რომელმაც თქვა: პროტესტანტების რიცხვი ბევრჯერ აღემატებოდა სამართალდამცავებს, ამიტომ შიგნით შემოვუშვით და შემდეგ მივიღეთ ზომებიო.”

საინტერესოა ჩვენს პოლიტიკაში მყოფთ, ახლა რა შეფასებები აქვთ მსხვერპლის შემდეგ?! ალბათ ამერიკულ დემოკრატიას გააკრიტიკებენ?!

ჩემთვის ერთია, პარლამენტში ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეზიდენციებში შეჭრა საქართველოში მოხდება, ამერიკაში თუ ტანზანიაში, შტურმი შტურმია, გადატრიალება გადატრიალებაა. ყველა დავა სასამართლოში და სამართლებრივ სივრცეში უნდა მოხდეს!

აშშ-ში დღევანდელ მოვლენებს სერიოზული გაგრძელება და გართულებები მოჰყვება. უკვე დაიწყო საუბრები იმპიჩმენტთან და სხვა პროცედურებთან დაკავშირებით.

არჩეული პრეზიდენტის დამტკიცების პროცედურა მაინც ჩატარდა. ნიშანდობლივია, რომ ამ პროცედურას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ასევე შეგიძლიათ ნახოთ თავად რესპუბლიკელების, ანუ ტრამპის თანაპარტიელების ადამ კინზინგერის, მიტ რომნის და სხვების განცხადებები.

ძალიან მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ინაუგურაცია დაწესებულ ვადებში მოხდება,”- წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.  არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

იტვირთბა....