ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალური ქსელით საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემოსვლას ეხმიანება.
როგორც გამზარდია წერს, ხელისუფლება ახალ შტამს შეზღუდვების გასახანგრძლივებლად გამოიყენებს.
“ვინმეს შეუძლია აკონტროლოს იმ ინფორმაციის რეალურობა, რასაც გამყრელიძის ჯგუფი ავრცელებს ხოლმე შტამების თუ სტატისტიკის კუთხით? – ცხადია, არა. არავის შეუძლია გააკონტროლოს სიმართლე და ტყუილი.
ნდობა ამ ინფორმაციის მიმართ იმ რწმენაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გვჯერა ხელისუფლების კეთილსინდისიერების.
რამდენადაც მე ნულოვანი ნდობა მაქვს ხელისუფლების მიმართ, ასევე ნულოვანი ნდობა მაქვს მსგავსი პოლიტიკური რიცხვების და ამ პროცესის ძირითად ნაწილს პოლიტტექნოლოგიებისა და პროპაგანდისტიკის ჟანრში განვიხილავ.
რას აძლევს ამ კოვიდის ე.წ. “ახალი შტამის” ფაქტორი ხელისუფლებას? – საზოგადოების დამატებითი დათრგუნვის, მეტი ისტერიის, აკრძალვების გახანგრძლივების, სრული ლოქდაუნის საბაბის და ამ ყველაფრის შედეგად ძალაუფლების გაძლიერების, უკონტროლობის, ტოტალური კორუფციისა და ფულის კეთების მეტად კომფორტულ პირობებს.
მე არ შემიძლია არსებითად შევეწინააღმდეგო ხელისუფლების მუდმივად მზარდ მავნებლობებს, თუმცა შემიძლია სრული უნდობლობა მქონდეს. მინიმუმ ამას გირჩევთ თქვენც. ფხიზელი ცნობიერება ადრე თუ გვიან ქცევაშიც მიაღწევს შედეგს,”- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.