ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ 47 პირი პასუხისგებაში მისცა – უწყება განცხადებას ავრცელებს

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. “მეტრონომი” უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც თავის მხრივ სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციის მთავარ პირობას წარმოადგენს.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 2 თვის მანძილზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი.
ავტომანქანების, საცხოვრებელი ბინების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოვიღეთ 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან – 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა.

კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცაველებმა პრევენციულად აღკვეთიეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვ.

ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, კანონის თანახმად, პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....