მექსიკაში, 32 წლის ექიმი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც უცხოური მედია იუწყება, 32 წლის ექიმს აღნიშნული ვაქცინის გაკეთების შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა და კანზე გამონაყარი დაეწყო.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ექიმი ალერგიულია, თუმცა აქამდე არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ამის მიუხედავად, ვაქცინის დოზის მიღების შემდეგ ვინმეს ტვინის ანთება განვითარებოდეს.
“საწყის ეტაპზე დიაგნოზი ენცეფალომიელიტია (თავისა და ზურგის ტვინის ერთობლივი ანთება)”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ Pfizer-BioNTech-ის კომპანიას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ინფორმაციისთვის, მექსიკაში კორონავირუსისგან 126 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინის დისტრიბუცია ქვეყანაში 24 დეკემბერს დაიწყო და პირველ რიგში იმუნიზაციაში ექიმები ჩაერთვნენ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ.